შარლ მიშელი - შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით, მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მგზავრი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეშფოთებას გამოთქვამს მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროსტასევიჩი დააკავეს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი ყველა მგზავრი. აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება“, – წერს შარლ მიშელი.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.
რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.