შარლ მიშელი - რუსეთს ვუპასუხეთ უპრეცედენტო სანქციებით, რაც გავლენას მოახდენს ჩვენზეც, მაგრამ ამ საფასურის გადახდა ღირს ჩვენი ღირებულებებისა და მომავლისთვის
ჩვენ ვუპასუხეთ რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენზეც, მაგრამ ამ საფასურის გადახდა ღირს ჩვენი ღირებულებებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპის ერთიანობას გატეხდა, მაგრამ ის შეცდა. ამასთან, როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღონ, ძალიან სერიოზულია.
„გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდ მივიღოთ, არის ძალიან სერიოზული, რადგან ომი კიდევ ერთხელ შემოიჭრა ევროპის მიწაზე. ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სასტიკი და მასშტაბური შეჭრა უკრაინაში, ამას ამართლებს ტყუილის ლაპარაკით და ეს გააკეთა ერთი მიზეზით, რადგან თქვენ, ბატონო ზელენსკი, თქვენ, უკრაინელებო, მაიდანზე აირჩიეთ თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ არა მარტო უკრაინას მიაყენეს დარტყმა, დარტყმა მიადგა საერთაშორისო სამართალს, დემოკრატიას და ადამიანთა ღირსებას. ეს არის გეოპოლიტიკური ტერორიზმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარი უნდა დავუჭიროთ საერთაშორისო სამართალს, დემოკრატიას და მშვიდობას.
მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ, რუსეთო, შეწყვიტე ომი, წადი სახლში და მოდი, ვისაუბროთ. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მამაცობას. ჩვენ დავპირდით ერთად, რომ რუსეთს ვუპასუხებდით მკაცრად, სწრაფად და შედეგები რუსეთისთვის იქნებოდა მძიმე. ჩვენ ვუპასუხეთ მასშტაბური და უპრეცედენტო სანქციებით ეკონომიკურ სექტორზე, ფინანსურ სისტემაზე, პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებსა და ოლიგარქებზე. ეს სანქციები გავლენას მოახდენს ჩვენზეც, მაგრამ ამ საფასურის გადახდა ღირს ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი მომავლისა და რწმენისთვის. როდესაც ეს ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპის ერთიანობას გატეხდა, მაგრამ ის შეცდა. როდესაც მან საომარი მოქმედებები წამოიწყო, ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად და ადვილად დაიპყრობდა, მაგრამ შეცდა, რადგან უკრაინელი ხალხი მამაცურად უწევს წინააღმდეგობას. 1961 წელს გენერალმა დე გოლმა თქვა, რომ დასავლეთის ძალებს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა აგრესიის წინააღმდეგ მტკიცედ და ერთად დგომით შეუძლიათ. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია და ეს უნდა იყოს ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შარლ მიშელმა.