შარლ მიშელი - რუსეთის მიზანი, შეასუსტოს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი, მცდარია, რადგან ის მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს
მორიგი სამხედრო აგრესია თუ იქნება, ჩვენ რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით და ამის საფასური უნდა იყოს სერიოზული. თუმცა, მოდით, ვიყოთ გულახდილები, ეს ასევე იქნება ძვირი ევროპისთვისაც, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელები ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთიანნი არიან.
„ჩვენ, ევროპელები ერთიანები ვართ ევროკავშირის შიგნით ჩვენს ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად იაპონია. ეს არის კრემლის ქმედებების პარადოქსი, რომელიც იმედოვნებდა განხეთქილების შეტანას ჩვენი კავშირის შესასუსტებლად, ცდილობდა ჩვენს დაყოფას, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. ჩვენი ერთიანობა კიდევ უფრო გამყარდა და ეს ცხადი იყო ორი დღის წინ ბრიუსელში გამართული ჩვენი არაფორმალური შეხვედრის დროს, ბოლო ერთბლივი სატელფონო ზარის დროს ჯო ბაიდენთან და სხვა ტრანსატლანტიკურ ლიდერებთან. მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, სურს თუ არა რუსეთს დიალოგი. ორი დღის წინ, იყო ძალიან მცირე იმედი, თუმცა მათმა ქმედებებმა სამხედრო მობილიზების გაგრძელების ფორმა მიიღო დონბასში სერიოზული ინციდენტებით. ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო, მაშინ როდესაც, რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და განაგრძობს ძალების მობილიზებას. თუმცა, ერთი რამ ცხადია – თუ იქნება მორიგი სამხედრო აგრესია, ჩვენ ვუპასუხებთ მასიური სანქციებით და ამის საფასური რუსეთისთვის უნდა იყოს და იქნება სერიოზული. თუმცა, მოდით, ვიყოთ გულახდილები, ეს ასევე იქნება ძვირი ევროპისთვისაც“, – განაცხადა მიშელმა.
შარლ მიშელის განცხადებით, ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისუფალი არჩევანი დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, რეფორმების საარგებლოდ და ეს არის უდიდესი ღირებულება. თუმცა, ეს დემკრატიული არჩევანი კრემლში აღქმულია, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე რეგიონში ჯაჭვური რეაქციის, მისი პოტენციური ეფექტის გამო. რუსეთის მიზანი, შეასუსტოს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მცდარია, რადგან ის მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს. ძალიან მოკლე დროში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტიება, გამოვუყოთ უკრაინას 1,2 მილირადი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება და რამდენიმე დღის წინ მე გამოვედი ინიციატივით, ჩავატაროთ დონორთა საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭრად“, – განაცხადა მიშელმა.
ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ სამხედრო აგრესია თავიდან იქნას აცილებული.
„ჩვენ გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო დიპლომატიური გზა. ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ და სანქციებს დავაწესებთ. თუმცა დღეს მიზანი არ არის, სანქციების პაკეტის დეტალებზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა მიშელმა.