შარლ მიშელი - მოვუწოდეთ ჩინეთს, დაგვეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სასტიკ დარღვევაზე თვალი არ უნდა დახუჭოს
ევროკავშირი და ჩინეთი თანხმდებიან, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას. ეს არასტაბილურობა არ შედის არც ჩინეთის და არც ევროკავშირის ინტერესებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირ-ჩინეთის ონლაინსამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთმა თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სასტიკ დარღვევაზე.
„ჩვენ ვიმყოფებით ომის პერიოდში. პუტინის ომი ხოცავს ბავშვებს, ქალებს და ანადგურებს მთლიან ქალაქებს, რაც საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევაა. ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და უკრაინელი ხალხის დაცვაა. ამ კრიზისულ ვითარებაში დიალოგი გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. ევროკავშირი და ჩინეთი თანხმდებიან, რომ ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას. ეს არასტაბილურობა არ შედის არც ჩინეთის და არც ევროკავშირის ინტერესებში. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, როგორც აქტორები, ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მოვუწოდეთ ჩინეთს, დაგვეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში. ჩინეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სასტიკ დარღვევაზე, ეს პრინციპები ჩაწერილია გაერო-ს წესდებაში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელმა სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა იმოქმედა ევროპაზეც, თუმცა მიშელის თქმით, ეს დემოკრატიის, თავისუფლების დაცვის საფასურია.
ამასთან, როგორც შარლ მიშელის ამბობს, სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა, ან რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენა გაახანგრძლივებს ომს, გამოიწვევს მეტ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზიანს.
„ევროკავშირმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დააწესა მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, ზეწოლა მოვახდინოთ კრემლზე, რათა დავასრულოთ ომი. ამ სანქციებმა იმოქმედა ჩვენზეც ევროპაში, მაგრამ ეს არის დემოკრატიის, თავისუფლების დაცვის საფასური. სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა ან რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენა გაახანგრძლივებს ომს, გამოიწვევს მეტ მსხვერპლს და ეკონომიკურ ზიანს. ეს არავის გრძელვადიან ინტერესებში არ შედის. ჩვენ ასევე ვიქნებით ფხიზლად და დავაკვირდებით რუსეთისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენის მცდელობას, იქნება ეს ფინანსური თუ სამხედრო დახმარება, თუმცა პოზიტიური ნაბიჯები ჩინეთის მხრიდან ომის დასასრულებლად მისასალმებელი იქნება ევროპელების და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩინეთთან განგვეხილა ეს ძალიან სერიოზული ვითარება, ტრაგიკული ვითარება უკრაინაში. გვქონდა შესაძლებლობა, ჩინეთისთვის გვეცნობებინა ევროკავშირის პოზიცია და მოვუწოდეთ ჩინეთს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ყველა ქმედებაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.