შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპელ ლიდერს სურს აშშ-თან კავშირების განმტკიცება, ტრამპს გადავეცი გზავნილი, რომ გვსურს თანამშრომლობა ყველა სფეროში, უკრაინის საკითხის ჩათვლით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპელ ლიდერებს სურთ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.
მიშელმა აღნიშნული განცხადება ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ევროპელ ლიდერს სურს შეერთებულ შტატებთან კავშირების განმტკიცება. გუშინ ჩვენ კარგი დებატები გვქონდა ამ თემაზე, ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ. გუშინ დონალდ ტრამპს გადავეცი გზავნილი, რომ გვსურს მასთან თანამშრომლობა ყველა სფეროში, უკრაინის საკითხის ჩათვლით. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, მხარი დავუჭიროთ მას, რადგან უკრაინას თუ მხარს არ დავუჭერთ, ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის არა მხოლოდ პუტინს, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებსაც“, – აღნიშნა მიშელმა.