ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტს იწვევს. როგორც შარლ მიშელის წერილშია აღნიშნული, ევროპელი ლიდერების შეხვედრა 10-11 მარტს ვერსალის სასახლეში გაიმართება.
არაფორმალური შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი და მისი შედეგები იქნება. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორის ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკური ფუნდამენტის გაძლიერება იქნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარე.
„რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპაში. ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთი უკრაინელ მოსახლეობას წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს. ჩვენ ვაქებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, რომელსაც ისინი ავლენენ მათი ქვეყნის დაცვისას. უკრაინასთან ერთად, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში.