შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, კომპლექტი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა, მათ მისაღებად რეგისტრაცია კი 23 ივნისს დაიწყება.
„მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად, რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ოფისების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე – https://bit.ly/3zTtybk CGM
სისტემის მიღება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან (15 იანვრიდან) გახდნენ.
ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და ხუთ სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპლექტით და მოახდინონ შემდეგ ჯერზე სენსორის დამოუკიდებლად დამაგრება.
ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება ქვეყნის მასშტაბით დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლება (სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“). ჯანდაცვის სამინისტრომ და მომწოდებელმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 30 ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ექთანი უკვე გადაამზადა და სენსორებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სურვილის შემთხვევაში, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები, სხვა დაინტერესებულ მხარესთანაც გაიმართება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სიახლე ბავშვსა და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი.
„CGM სისტემა ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების ანალიზსა და ვიზუალიზაციას. გააჩნია განგაშის სიგნალები, გლუკოზის დონის საყურადღებო ცვლილებების შემთხვევაში ყურადღების მისაპყრობად. მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელი ჰიპო და ჰიპერგლიკემიის ეპიზოდს სისტემა აფიქსირებს წინასწარ და საყურადღებო ეპიზოდის დადგომამდე გასცემს შესაბამის სიგნალს.
აღსანიშნავია, რომ სისტემის უმაღლესი ხარისხისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად მომწოდებელი კომპანიისგან მოთხოვნილი იყო საერთაშორისო აღიარებები. კერძოდ, პროდუქციას უნდა ჰქონოდა ამერიკული საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ნებართვა და დაშვება შესაბამის სამედიცინო ხელსაწყოების ბაზაში, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნის ერთი ან მეტი მკაცრი მარეგულირებლის ნებართვა.
შესყიდვის პროცესში გამოვლინდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მწარმოებელს, კომპანია „მედტრონიკს“ (Medtronic Diabetes) ჰქონდა პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები ფართოდ გამოიყენება, მათ შორის ბავშვებში, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ხელსაწყოს მიღებული აქვს ავტორიზაცია ამერიკული FDA-სგან და ასევე, დაშვება არაერთი მკაცრი მარეგულირებლისგან განვითარებულ ქვეყნებში.
„მედტრონიკი“ CGM სისტემებს ყველა ასაკის პაციენტისთვის აწარმოებს. აღნიშნული სისტემა მომენტალურად ასახავს და უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახავს გლუკოზის დონის მონაცემებს. მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გამოყენებით, გლუკოზის დაბალი და მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პაციენტზე მზრუნველ ხუთ ადამიანს. „მედტორნიკის“ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა „გარდიან ქონექთი“ (Guardian Connect) სმარტფონებთან შეთავსებით მომუშავე ხელსაწყოა, რომელსაც ე.წ. მიმღების გარეშე, ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია მონიტორინგის მონაცემების შეკრება და ვიზუალიზაცია. მობილურ აპლიკაციას განსაკუთრებით გამარტივებული ვიზუალური ელემენტები აქვს და ადვილია გამოსაყენებლად“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.