შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს
შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დელეგაციაში იქნებიან საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ან სამომავლოდ გეგმავენ ჩინეთის ბაზრისთვის პროდუქციისა ან სერვისების მიწოდებას.
„შანხაის გამოფენის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შეხვედრაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ჭუნ შანთან განიხილა. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს 150,000 მყიდველთან (ე.წ. ბაიერთან) პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ. ამაში კი მათ მხარდაჭერას ჩინეთის კომერციის სამინისტრო აღმოუჩენს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.