შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. თადუმაძის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.
ასევე ვაკანტური ხდება გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა. მამუკა ვასაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ პარლამენტმა აირჩია, პირველი მოადგილის პოსტს 2015 წლის 30 ნოემბრიდან იკავებდა.
შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.
შალვა თადუმაძეს 2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას. 2017 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2018 წლის 16 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.