ირაკლი შოთაძე - სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად
ირაკლი შოთაძე - სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად

სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოების ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის თქმით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2022 წელს, რაც გამოიხატა უწყების მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების დიდ რაოდენობაში.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ამის პარალელურად, სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს.

„აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და, ზოგადად, მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას. ამიტომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურაში ეს შედეგები და მიღწევები არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს, ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პროკურატურის სახელით, მსურს, გამოვხატო პატივისცემა ჩვენი კოლეგების: სასამართლო სისტემის, საადვოკატო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომელთა როლი მართლმსაჯულების სისტემის გამართულად მუშაობაში უმნიშვნელოვანესია. მინდა, მათ ბევრი წარმატება ვუსურვო, ვინაიდან თითოეულის წარმატება ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და გაჯანსაღებას. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ საერთშორისო ორგანიზაციებს 2021 განმავლობაში გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა ანგარიშის წარდგენისას.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.