შალვა თადუმაძე - თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობებისა და მენეჯერული გამოცდილება აქვს
18 წელზე მეტია, პროფესიაში ვარ და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვიყავი წარმატებული ადვოკატი, საჯარო სამსახურში სერიოზულ თანამდებობაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ვარ წარმატებული ბრალმდებელი, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, მას ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის მხრივ დიდი გამოცდილება აქვს, რაც სასამართლო ხელისუფლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის, ვიყავი მთავრობის სამი შემადგენლობის წარმომადგენელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის სახელისუფლებო ურთიერთობები ვიცი ძალიან კარგად და მიმაჩნია, რომ აღნიშნული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – აღნიშნა თადუმაძემ გასაუბრებაზე.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აძლევს საფუძველს, იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.
„ვმართავდი საადვოკატო კომპანიას, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინისტროებთან და ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა ჩემს ხელში გავლილი, ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
ამასთან, მან საქართველოს პროკურატურის მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც უწყებას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა არის იდეალური, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება.
„რაც მე შევძელი ერთ წელიწადში, მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ მაქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს, არჩევანი არის ის, რომ თქვენს წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობების და მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.