შალვა თადუმაძე - სასამართლო არ არის სისტემა, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს იგივე უფლებები, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას
შალვა თადუმაძე - სასამართლო არ არის სისტემა, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს იგივე უფლებები, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას

სასამართლო არის ხელისუფლება, ეს არ არის პროფესიულ ადამიანთა ერთობა, არამედ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში აბსოლუტური, იგივე უფლებებით სარგებლობს, რა უფლებამოსილებებიც აქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შეფასების კუთხით, სასამართლოს და პროკურატურას იდენტური პრობლემები აქვთ.

„რაც შეეხება პრობლემატიკას, მიფიქრია და აქაც რომ გულწრფელი ვარ, ალბათ გაგახსენდებათ ჩემი გასაუბრება საპროკურორო საბჭოში. იდენტური პრობლემა აქვს სასამართლოს იმისა, რაც გააჩნია პროკურატურას. 27 წლის მანძილზე საზოგადოებაში არსებობდა აზრი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რომ სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული. ამ აზრის შექმნას პოლიტიკოსებიც უწყობდნენ ხელს, შეიძლება მოსამართლეებიც და ადვოკატებიც ეხმარებოდნენ, ბევრია ამ სერვისის მომხმარებელი. ამ საფუძველზე დაიწყო ისეთი სასამართლოს მშენებლობა, რომელიც ამ კლიშედან უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ მივიღეთ სასამართლო, რომელზეც მუდმივი საუბარი იყო, რომ არ არის დამოუკიდებელი, ექვემდებარება ვიღაცას, ან რაღაცას. შესაბამისად, სასამართლო მუდმივად ამ ქარტეხილებს გადიოდა, ისევე როგორც პროკურატურა,“-განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს მიმართ არსებობს კლიშე და ისეთი დამოკიდებულება, რომ ის ხელისუფლების კონკურენტია.

„შემდეგ მივიღეთ შემადგენლობა, როდესაც მოსამართლეთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების განცდა დანერგოს სისტემაში და სასამართლო ჩამოაყალიბოს, როგორც ხელისუფლება. შემდეგ სასამართლომ დარტყმა მიიღო პოლიტიკური მანიპულირებით. თუნდაც ახლა, ჩემთან მიმართებაში პირველი კითხვა ის, რომ რეკომენდატორები არიან პოლიტიკოსები და ეს რამეზე იმოქმედებს თუ არა, ესეც არის ის კლიშე, რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, რომ ხელისუფლების კონკურენტია“,- აღნიშნა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სასამართლო ხელისუფლების უპირატესობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„სასამართლო ხელისუფლების უპირატესობა არის ერთადერთი ის, რომ ეს არის მაღალპროფესიული შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების განცდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, შექმნას როგორც ბალანსი, რისთვისაც შეიცვალა ზოგადად სასამართლო ხელისუფლება“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, ის პრობლემატიკა, რაც არსებობს, შესაძლოა გადატანითი მნიშვნელობით განვიხილოთ ციხესიმაგრედ, რომელიც მთავარია, შიგნიდან არ გატყდეს.

„ჩემთვის ძალიან ცუდი იქნება, როგორც პროკურორისთვის, პროკურორი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები, რადგან მაქსიმალურად ვმუშაობთ, რათა პროკურორი იყოს დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მესიჯია, როდესაც იუსტიციის საბჭოს ფონზე მეუბნებიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორც მოქალაქე, ვიგებ, რომ სასამართლოს მართვის ორგანოს სხვადასხვა წევრები გამოდიან და ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭო არ არის დამოუკიდებელი. ამბობენ, ხორციელდება ზეწოლა და ამის გადალახვა არის ძალიან რთული. როდესაც შიგნიდან ამბობენ, რომ მე არ ვარ დამოუკიდებელი, მაშინ ვერავის ვერ დაუმტკიცებ, რომ შენ დამოუკიდებელი ხარ“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.