შალვა თადუმაძე - საადვოკატო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს პროკურორსა და ადვოკატს შორის 
შალვა თადუმაძე - საადვოკატო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს პროკურორსა და ადვოკატს შორის 

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, საკმაოდ დიდი საადვოკატო გამოცდილებიდან გამომდინარე, იცის, თუ რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს პროკურორსა და ადვოკატს შორის.

ამის შესახებ შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

თადუმაძის შეფასებით, პროკურორსა და ადვოკატს შორის თანამშრომლობა, საქმიანობის წესის ჩამოყალიბება და ეთიკური ნორმების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„არ მიმაჩნია, რომ იმაზე მეტი ურთიერთობა უნდა არსებობდეს, ვიდრე კანონითაა უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივად ეს ორი დაპირისპირებული მხარეა მაინც სასამართლო დარბაზში და ეს დაპირისპირებები ხშირ შემთხვევაში სასამართლო დარბაზში ძალიან მკვეთრი და მწარე დაპირისპირებებია, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს ნაწილშიც არასოდეს დარბაზის გარეთ პროკურორსა და ადვოკატს შორის ურთიერთობაზე ეს არ ასახულა. მიმაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში, და განსაკუთრებით 2012 წლიდან, საკმაოდ კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა ადვოკატთა ასოციაციასა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობის. ვფიქრობ, პროკურატურის ნაწილშიც გასატარებელია ის ღონისძიებები განგრძობადი განათლების კუთხით, რა ღონისძიებებიც ადვოკატთა ასოციაციაში არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება ერთიან ფორმატშიც იქნას განხილული, რათა ადამიანური ურთიერთობები ამ პროფესიებს შორის ჩამოყალიბდეს. მიმაჩნია, რომ ეს არის ორი მაღალი ინტელექტის მქონე პროფესია, რომლებიც მონაწილეობენ ისეთ უმაღლეს დონეზე საქმის განხილვებში, როგორიცაა უზენაესი სასამართლო. ამიტომ, მიმაჩნია, მათი ურთიერთობა, თანამშრომლობაა, საქმიანობის წესის ჩამოყალიბება, ეთიკური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.