შალვა თადუმაძე - მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ
განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა, რეალობისგან არის აცილებული, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს,- ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„სამართალდამცველი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში, ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადებაზე, რომელშიც დროის, მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა, რეალობისგან არის აცილებული, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს. საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ თანამდებობაზე და მეორე, დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ განცხადებაში არ ყოფილა. აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენელია მოვლენებთან. რაც შეეხება იმას, თუ არსებობს რაიმე ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს, აქვს უფლება, ჩამოაყალიბოს ერთიანი პოზიცია და მიმართოს საგამოძიებო უწყებას”,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა.