შალვა თადუმაძე - მაღალი ინსტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა
უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც პროკურატურამ დაიქირავა, ბუნებრივია თანხა ბიუჯეტიდან გადავუხადეთ, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, რატომ ჰქონდათ წვდომა “თიბისი ბანკის” საქმეზე დაქირავებულ უცხოელ ექსპერტებს.
თადუმაძის თქმით, წლების მანძილზე მათი ფუნქცია არის ყველა გახმაურებულ საქმეზე, საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე პროკურატურისთვის რჩევებისა და კონსულტაციების გაწევა.
“საქმეზე წვდომა ჰქონდათ, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ექსპერტების მომსახურებას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ყველა მაღალი საზოგადოებრივი ინსტერესის მქონე საქმეზე 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ექსპერტები ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს, წერენ დასკვნებს, რომელიც ჩემთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.