შალვა ტაბატაძე - უმაღლეს სასწავლებლებში ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია
პრობლემა ის კი არ არის, რომ რომელიღაც უნივერსიტეტმა აკრედიტაცია, ან ავტორიზაცია ვერ გაიარა, არამედ ის, რომ უნივერსიტეტებში, რომლებიც აკრედიტაციასაც გაივლიან და ავტორიზაციასაც, პროგრამებისა და სწავლის ხარისხი დაბალი იქნება, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ დირექტორმა, შალვა ტაბატაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რამდენად სწორი მექანიზმები გვაქვს ჩართული უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ინფრასტრუქტურა და სხვა კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში არ გაგვაჩნია. უმაღლეს სასწავლებლებში კვლევასა და სწავლებაში ჩართულია 7 000 პროფესორ–მასწავლებელი, რასაც დოქტორანტების საკმაოდ დიდი რაოდენობაც ემატება, მაგრამ საერთაშორისო დონის კვლევასა და სწავლებას დაახლოებით, 300 ადამიანი ახერხებს“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, ეს მდგომარეობა ფეხბურთის გუნდს ჰგავს, რომლის წევრებმაც თამაში არ იციან და ფეხბურთს კარგი პირობების შექმნის შემთხვევაშიც ვერ ითამაშებენ.
როგორც ტაბატაძემ განაცხადა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესურას ორიენტირი ხარისხზე არ აქვს, რადგან თუ ორიენტირი ხარისხზე იქნა, შესაძლოა, მათი ადგილი ამ უნივერსიტეტში არ დარჩეს. შესაბამისად, მათთვის უკეთესია სისტემა და სტატუს–კვო, რომელიც არსებობს.
განათლების სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებული აუდიტის კვლევის მიხედვით, სტუდენტების 88%–მა არაფერი იცის სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც მათ უნივერსიტეტებს აქვთ.
„ანუ, უნივერსიტეტები ამ სერვისებს იმიტომ კი არ ქმნიან, რომ საჭიროება სტუდენტებს ჰქონდათ, არამედ – იმიტომ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ვიღაც მივიდოდა და შეამოწმებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან უმაღლესებში პრობლემაა ფორმალიზმი, რომელიც შინაარსისგან დაცლილია“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, აფილირების სისტემა კარგი პროფესორისთვის შესაძლოა, კარგი იყოს, რადგან უნივერსიტეტი იძულებული გახდება, ასეთ კადრს მაქსიმალურად კარგი პირობები შესთავაზოს, რათა შეინარჩუნოს, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს არარეალიზებადია, რადგან იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ერთი მაღალი დონის პროფესორი ჰყავდეს, შესაძლოა, კონკრეტული პროგრამის ფინანსები მთლიანად ამ პროფესორის კვლევას, მის დაფინანსებას არ ეყოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა აფილირების სისტემაზე გადასვლა სწავლის საფასურის ზრდას, შალვა ტაბატაძემ თქვა, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებთან კონკურენციის პირობებში, კერძო უნივერსიტეტები სწავლის საფასურის ზრდას ვერ ახერხებენ.