შალვა შავგულიძე საქართველოს პირველ არხზე ლადო კახაძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
შალვა შავგულიძე საქართველოს პირველ არხზე ლადო კახაძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს პირველ არხზე ლადო კახაძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც შავგულიძე აცხადებს, მზად არის დებატებისთვის ყველა ტელეკომპანიის ეთერში.

„რა თქმა უნდა, თანხმობას ვაცხადებ დებატებზე. დებატებზე პირველი შემოთავაზება ჩვენ მივიღეთ „ტვ პირველისგან“ ორიოდე დღის წინ, რაზეც ბატონმა ლადომ პირადაპირ ეთერში თანხმობა განაცხადა. მე თანხმობას ვაცხადებ როგორც „ტვ პირველზე“, ასევე საქართველოს პირველ არხზე დებატებში მონაწილეობაზე. ორივე ტელეკომპანიას მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის.

აქვე მინდა დავამატო, კიდევ გვყავს ორი მსხვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „იმედი“ –  წინასწარ მინდა განვაცხადო დებატებზე თანხმობა, თუ მათი სურვილი და შემოთავაზება იქნება. ეს ხელს შეუწყობს უფრო ფართო სპექტრის ინფორმირებას მეორე ტურში ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან თითოეულ ტელეკომპანიას ჰყავს თავისი სპეციფიკური მაყურებელი.

ვფიქრობ, ცალ-ცალკე ორგანიზებული იქნება, ტელეკომპანიები თავად გადაწყვეტენ რა ფორმატში და როგორ. თითოეულ ტელეკომპანიას ჰყავს თავისი სპეციფიკური მაყურებელი, ამომრჩევლის და ჩვენი საზოგადოების ფართო სპექტრის ინფორმირება გახდება შესაძლებელი.

აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ლადო კახაძის არგუმენტაციას, რომ კარგია დებატები, რადგან ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საქართველოს პირველმა არხმა დღეს გაავრცელა განცხადება და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დებატებში მონაწილეობა შესთავაზა პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს: ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლადო კახაძეს.

ლადო კახაძე საქართველოს პირველი არხის განცხადებას გამოეხმაურა და დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.