ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა“  და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებისთვის დებატების შესახებ საქართველოს პირველი არხის შეთავაზების პასუხად, ლადო კახაძემ განცხადება გაავრცელა.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მით უმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისთვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანებს წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს პირველი არხის შემოთავაზებას. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ.

მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის. მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს, დათანხმდეს საქართველოს პირველი არხის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა,  გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ, სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს“, – ნათქვამია ლადო კახაძის განცხადებაში.

საქართველოს პირველი არხი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დებატებში მონაწილეობას სთავაზობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს: ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლადო კახაძეს.