შალვა რამიშვილი - „ლეიბორისტების“ დღევანდელი სპექტაკლი არ აბათილებს, რომ ნათელაშვილმა სისულელე გააკეთა და თავისი პარტიის წევრი გარემოვაჭრედ გაასაღა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

მათ ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ის წინ უნიტაზი მიიტანეს, რომელზეც რამიშვილის ფოტო იყო მიმაგრებული. ამით ახალგაზრდა „ლეიბორისტებმა“ სიუჟეტი გააპროტესტეს, სადაც შალვა რამიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და მას უცენზურო მეტსახელით მოიხსენიებს.

სიუჟეტი ეხებოდა შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთ გასვლით პრესკონფერენციას, სადაც ის თბილისის მერიის მიერ გარევაჭრობის შეზღუდვას აპროტესტებდა. ნათელაშვილმა გასვლითი პრესკონფერენცია ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გამართა, რომელიც, მისი თქმით, საკუთარი პროდუქციით ვაჭრობს. პრესკონფერენციიდან რამდენიმე დღეში კი POSTV-ის ეთერში გადაცემა გავიდა, სადაც შალვა რამიშვილი საუბრობს იმაზე, რომ აღნიშნული პირი არა გარემოვაჭრე, არამედ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი უჩა გოგიბერიძეა და ნათელაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

აქციის მონაწილეებმა დღეს დაადასტურეს, რომ გოგიბერიძე ნამდვილად მათი პარტიის წევრია, თუმცა აღნიშნეს, რომ ის პარალელურად, თავისივე მოყვანილი პროდუქციითაც ვაჭრობს.

აქცია-პერფორმანსს ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნათელაშვილის ქმედებას არ აბათილებს.

„ლეიბორისტების დღევანდელი სპექტაკლი არ აბათილებს იმას, რომ ნათელაშვილმა გააკეთა სისულელე და თავისი პარტიის წევრი გარემოვაჭრედ გაასაღა, შემდეგ კი თავიანთი ორი კილო კარტოფილი ისევ პარტიის ოფისში წაიღეს. მსურს გავიმეორო ის უცენზურო სიტყვები, რაც მას ვუწოდე. კიდევ ერთხელ დაადასტურა ნათელაშვილმა, რომ მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა, ის პოლიტიკური პიარის აზრზე არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი პარტიის წევრს, ვითომ გარემოვაჭრეს „ფეისბუქზე“ პარტიულ ფოტოებს მაინც ააღებინებდა“, – განაცხადა ჟურნალისტმა.