შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ტელემარათონის მონაწილეებს მიმართა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რიგით მეორე საერთაშორისო ტელემარათონის, „გადავარჩინოთ უკრაინა“ მონაწილეებს მიმართა.
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს კიევის დღეს, გისურვებთ, იყოთ გამარჯვებულები თქვენი ქვეყნის დაცვაში, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის შემდეგ უკრაინელ ხალხს მიმართეს მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრმა იან ბორგმა, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა, უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა.
ტელემარათონი, რომელიც United24 Global-ის ინიციატივით, ბერლინსა და კიევში ერთდროულად გაიმართა, ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გადაიცა, მათ შორის „საქართველოს პირველ არხი – ტელესკოლაზე“.
ტელემარათონის „გადავარჩინოთ უკრაინა“ საშუალებით შეგროვებული მატერიალური რესურსი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება, კერძოდ, სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის, რენტგენის აპარატების შეძენას უკრაინის 12 რეგიონის ჰოსპიტლებისთვის: ხარკოვი, დნიპროპეტროვსკი, ზაპოროჟია, პოლტავა, ოდესა, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაევი, ჩერკასი, კიროვოგრადი.
მარათონი, რომელიც სიმბოლურად კიევის დღეს გაიმართება, ეძღვნება მამაცი უკრაინელების გამძლეობას, სამი თვის განმავლობაში შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რიგით პირველი მარათონი „გადავარჩინოთ უკრაინა“ 27 მარტს გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გადაიცა.
ასევე საქართველოს პირველმა არხმა, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს საქველმოქმედო მარათონი „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართა. საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივა იყო, რომელმაც სტარტი პოლონეთიდან აიღო.