შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც პატივი მიაგო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ჩვენმა დელეგაციამ პატივი მივაგეთ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან დღეს 20 წელი გავიდა. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო თანამედროვე, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში. მან შექმნა ხასიათი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და საფუძველი ჩაუყარა იმ წარმატებას, რომელსაც აზერბაიჯანმა მიაღწია თავისი როლის გაძლიერებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ასევე პატივი მივაგეთ 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული აზერბაიჯანელების ხსოვნას. მაშინ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 147 აზერბაიჯანელი შეიწირა საბჭოთა არმიამ, როდესაც გამოაცხადეს კომენდანტის საათი და სურდათ, დამოუკიდებლობისკენ მიმართული ბრძოლა ჩაეხშოთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოუკიდებელ და ამაყ სულს აზერბაიჯანელი ერისა, რომელმაც, ჩვენთან ერთად, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში 10 დეკემბერს გაემგზავრა.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.