შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქედმაღლური დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო - არა, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია
ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქედმაღლური დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო – არა, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუცია გამეორება რეზოლუციების სერიისა, რომლებიც გაჯერებული იყო ცილისწამებით.
„ზოგადად, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან სამწუხარო დამოკიდებულებაა არამხოლოდ საქართველოს მიმართ. მათ აქტივობებს თუ დააკვირდებით სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო – არა. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ქვეყნის მიმართ გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება, ქედმაღლური ყურება მიუღებელია. ეს რეზოლუცია არის სამწუხარო გამეორება რეზოლუციების სერიისა, რომლებიც ვიხილეთ და რომლებიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ. ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.