შალვა პაპუაშვილი - ფაქტია, რომ ვიღაც ცდილობს, უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც რუსეთი არ არის
შალვა პაპუაშვილი - ფაქტია, რომ ვიღაც ცდილობს, უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც რუსეთი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

პაპუაშვილის თქმით, ყველაზე ავტორიტეტულმა, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდება არაადამიანური მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება.

„სამწუხაროა, რომ ზელენსკიმ თავის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, პირველ რიგში, საზიანოა უკრაინისთვის. უკრაინას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რადგან უკრაინას რუსეთთან, სამხედრო ომის გარდა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ბრძოლა. თუ უკრაინის პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს ამ ბრძოლაში უკრაინას არ დაეხმარება. ეს ყველაფერი საზიანოა ურთიერთობისთვის. ფაქტია, რომ ვიღაც ცდილობს, უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდოს და ამ ჯერზე ეს ვიღაც რუსეთი არ არის.

ვხედავთ, ამით ვინ ხარობს – ძირითადად ის ადამიანები, ვინც ზეპირად ბევრს საუბრობს უკრაინა-საქართველოს მეგობრობაზე, ეს ხალხია გახარებული. ოპოზიციას ეს გადაწყვეტილება უხარია. ვნახეთ უცხოელი აქტორები, ვისაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ, რაც ყველაზე სამწუხაროა. სააკაშვილთან დაკავშირებით წელიწადნახევრიანი კამპანია მიმდინარეობს, დახარჯულია მილიონები და კორუმპირებული საერთაშორისო ქსელის ჩართვით იყო პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ხუხულასავით ჩამოიშალა, რადგან სტრასბურგმა თქვა, რომ აბსოლუტურად ტყუილი იყო ის, რასაც 600 დღე სააკაშვილის ქართველი და უცხოელი მფარველები გვატყუებდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.