შალვა პაპუაშვილი  - ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“, არჩევნების შედეგებს აღიარებენ, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“, არჩევნების შედეგებს აღიარებენ, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან

ჩემთვის ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“. ვგულისხმობ პირველად გირჩს. „გირჩი“ პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებში შედეგებს აღიარებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შემოდან პარლამენტში. ამის არგუმენტაცია ვერ გამიგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩს“ აკვიატებული აქვს, რომ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი იყოს. 

„მათი აკვიატებაა, რომ გინდა თუ არა, იყოს ბუნებრივი ბარიერი, ხოლო ასე თუ არ იქნება, არ ღირს საერთოდ არსებობდეს პარლამენტი. ბუნებრივი ბარიერის გარდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილს უთხრა, რომ „გირჩს“ დასახელებული საკითხის გარდა, მოთხოვნა აქვს, რომ მელია-რურუას საქმეები და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხები იქნას გადაწყვეტილი, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მას პირველად ესმის.

„არ ვიცი, პირველად მესმის, რომ მათი მხრიდან ეს ყოფილიყო დაყენებული, ძირითადად გვესმის ბუნებრივი ბარიერის საკითხი, რასაც ულტიმატუმის სახით ითხოვენ. მათ არჩევნებში სამი პროცენტი მიიღეს და რატომღაც ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც არგუმენტაციის გარეშე მათი იდეა უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვთავაზობთ, შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარი არგუმენტები ჩვენთან, ხალხის წინაშე წარმოადგინონ. როცა გაქვს სამი პროცენტი, ულტიმატუმები არ უნდა დააყენო. მაგრამ შეგიძლია, წარმოადგინო არგუმენტი და თუ კარგია, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.