შალვა პაპუაშვილი - ყველამ, მათ შორის ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ
შალვა პაპუაშვილი - ყველამ, მათ შორის ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ

მთლიანად ეს რეზოლუცია არის განმსჭვალული ცრუ ნარატივებით, მათ შორის არჩევნებთან, უბნებთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, რომელიც ასეთი ტიპის დოკუმენტებით ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციის ინიცირება არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება.

„ჩვენ ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერ ქმნიან, ერთადერთი, რაც ხდება, ყოველდღე არის ერთი-ორი განცხადება ან რაიმე გამოხმაურება, რომელიც შემდეგ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში. ერთი თვის განმავლობაში 90-ზე მეტი განცხადება იყო. დღეში სამი-ოთხი განცხადება კეთდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც გვაჩვენებს, რომ ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია. ეს რეზოლუციაც არის სწორედ ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ, ვინ არიან ინიციატორები, ეს ხალხი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველები, არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და რა თქმა უნდა, მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ერთ-ერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის განსაკუთრებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებებს ამაზე, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები და შექმნან დესტაბილიზაცია, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით. ჩემი მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.