შალვა პაპუაშვილი - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის მუშაობის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება. მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვაზე.
„წარმოგიდგენთ პარლამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2022 წლის გეგმებს. დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს, საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება. 3 600-გვერდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისადმი დაუღალავი სამსახურისთვის და ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წვლილი ამ კითხვარის შევსებაში.
ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები.