შალვა პაპუაშვილი - წარმოიდგინეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ბელგიაში აქვეყნებდეს თანამდებობის პირების ნომრებს, ემუქრებოდეს ოჯახის წევრებს, რა რეაქცია ექნებოდათ
შალვა პაპუაშვილი - წარმოიდგინეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ბელგიაში აქვეყნებდეს თანამდებობის პირების ნომრებს, ემუქრებოდეს ოჯახის წევრებს, რა რეაქცია ექნებოდათ

ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, ზიზღის ენას, ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციების ნაწილი არის დაფინანსებული ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“.

„სადაც ჩავეძიებით, ყოველ ჯერზე ვხედავთ რადიკალ „ენჯეოებს“, პოლიტიკურად მოტივირებულ „ენჯეოებს“, ყველგან რატომღაც ვაგნებთ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“. ეს ის ფონდია, რომელიც მალავს და უარს ამბობს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსებები, რომელიც, შემდგომ აღმოჩნდება, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირს და ევროკომისიას, ხდება თუ არა, რომ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებული არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით? შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ყველას ფაქტებს. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებულიჯემ ნიუსის“ ჟურნალისტი ტყვიით კეფაში ემუქრებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს; „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ; „გრასის“ ფექთ ჩეკის თანამშრომელი მიუვარდა ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს, შეურაცხყოფას აყენებდა, ხულიგნობა ჩაიდინა და მისი დაკავებაც კი გახდა საჭირო.

წარმოიდგინეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში რომ აქვეყნებდეს ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრებს, მიდიოდეს მათ სახლებში, წარწერებს აკეთებდეს, ემუქრებოდეს მათი ოჯახის წევრებს. წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე, ამ „ენჯეოს“ რა დაემართებოდა იქ და საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს მიმართ რა რეაქცია იქნებოდა? ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამაზე არ გვაქვს რეაქცია ევროკავშირის მხრიდან. თუ იწონებენ და თუ ფიქრობენ, რომ ეს არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა, ესეც გვითხრან. თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან გახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.