შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ სააკაშვილზე შეკვეთილი სტატიები, რათა საქმე გასცდეს სამართლებრივ, სამედიცინო ჩარჩოებს და გახდეს პოლიტიკური, მნიშვნელოვანია, დავრჩეთ სამართლებრივ სივრცეში
ვნახეთ ლობისტური მუშაობის შედეგი, ეს არის შეკვეთილი სტატიები, რათა საქმე გაცდეს სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოებს, გახდეს პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სამართლებრივ სივრცეში დარჩეს.
„ვნახეთ ლობისტურ ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც საჯაროც კი არის, შესაბამისად, ვნახეთ ლობისტური მუშაობის შედეგი, ეს არის შეკვეთილი სტატიები, რათა საქმე გასცდეს სამართლებრივ, სამედიცინო ჩარჩოებს და გახდეს პოლიტიკური საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სრული გახსნილობა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის კუთხით, მას მიეწოდება ყველანაირი საჭიროება, რაც აქვს. სამართლებრივი კუთხითაც, არ მგონია, საერთოდ რამე საკითხი არსებობდეს, რატომ აქვს მისჯილი სასჯელი იმ ორ საქმეზე, რომლებზეც აქვს. სტრასბურგის სასამართლომაც ზუსტად იგივე თქვა, რაც თქვა საქართველოს სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე. მთავარი ახლა არის ერთი რამ, ყველა დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს. რაც შეეხება სამედიცინო საკითხებს, აქ მნიშვნელოვანია ექიმების მოსაზრება და არა სტატიები და პოლიტიკოსების აზრები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, პაპუაშვილის თქმით, მას აღნიშნული ცენტრის მიმართ ნდობა არ აქვს.
„დასკვნის შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. რაც შეეხება ცენტრ „ემპათიას“, ჩვენ გვახსოვს ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ ბაჩალეიშვილის და შაქარაშვილის საქმეებიდან, რა სიყალბეს ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი. ყველამ გაიხსენოს, მაშინ რა ე.წ. ექსპერტულ მოსაზრებებს ახმოვანებდა ემპათიის ხელმძღვანელობა. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, აბსოლუტური სიყალბე იყო. ამიტომ ჩემი მხრიდან ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა არის ნულოვანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით. გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით. გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაციამ, „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.