შალვა პაპუაშვილი - ვინც საუბრობს, რომ, შესაძლოა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ხელი შეეშალოს, ვფიქრობ, დაბალი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელი არ შეეშლება.
კითხვაზე, უნგრეთის პრემიერის განცხადებები ხომ არ იქნება საფრთხე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნები ერთმანეთის ჯინაზე არ იღებენ.
„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას ხელი შეეშალოს, არ მგონია მე და მათ, ვინც ამაზე საუბრობენ, ვფიქრობ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე. ევროკავშირში გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების მხრიდან არ მიიღება ერთმანეთის ჯინაზე. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შიდა დისკუსია, და ეს არ არის ახალი შიდა დისკუსია, რომელიც მიმდინაროებს, თუ აქ ვინმე ფიქრობს, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება, იქცეოდეს უსამართლოდ, არ ვიცი, თუ ეს შიდა დისკუსიის ნაწილია, არ ნიშნავს, რომ სხვა უნდა მოიქცეს უსამართლოდ საქართველოს მიმართ. ჩვენ მიერ გაზიარებული ევროპული ღირებულება სწორედ იმას ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანად, ობიექტურად, დამსახურებაზე დაყრდნობით. ასე ვმოქმედებთ და ასეთივე მოლოდინი გაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება და არა ვინმეს ჯინაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციასაც წარმატებით შეასრულებს და ამ პროცესში კარი ყველასთვის ღიაა.
„რაც შეეხება ცხრა რეკომენდაციას და მასზე მუშაობას, იცით, რომ ევროკომისიასთან შეთანხმებით სამოქმედო გეგმაც შევიმუშავეთ რეკომენდაციებზე სამუშაოდ. უპიურველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაზა დასრულდეს წარმატებით მომავალ კვირას და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ღიაა კარი ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ვიყავით წარმატებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დრომ გვაჩევნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა სწორად, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ინტერესებით და მოქმედებდა გააზრებულად იმ მიზნის მიმართ, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასევე წარმატებულად, ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით. თუკი ვინმე მზადაა, იმოქმედოს ქართველი ხალხის და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური, პარტიული ინტერესით, ამ პროცესში კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.