შალვა პაპუაშვილი - ვეტოს დაძლევაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მომართვა არ მიმიღია, რაიმე კითხვა თუ არსებობს, შესაბამისად ვუპასუხებთ
პრეზიდენტის მომართვა ჯერ არ შემოსულა, ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოსულა, რაიმე ოფიციალური წერილის სახით თუ არის, მედიით შევიტყვე ამის შესახებ. რაიმე შეკითხვა თუ არსებობს, გავეცნობით და შესაბამისად ვუპასუხებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, რომ 3 ივლისის კენჭისყრაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.
რაც შეეხება კითხვას, „სანდრო რაქვიაშვილმა დარბაზშივე მოგიწოდათ შედეგების გადათვლისკენ“, – პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს და კენჭისყრის შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში, საკითხი ფრაქციას ან პოლიტიკურ ჯგუფს უნდა წარმოედგინა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეს უნდა მოხდეს კენჭისყრის დასრულებისთანავე და საკითხი უნდა დააყენოს ფრაქციამ, პოლიტიკურმა ჯგუფმა ან დეპუტატების 7-კაციანმა ჯგუფმა. უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნა თუ საკითხი ამასთან დაკავშირებით. ასეთი წამოძახილები იშვიათი არ არის ჩვენს პარლამენტში და ამ ყველაფერზე ასე რეაგირება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ, რაიმეზე ეჭვი თუ ჰქონდათ, ამ შემთხვევაში უნდა დაეყენებინა პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი არის იაგო ხვიჩია და პოლიტიკური ჯგუფის სახელით უნდა დაეყენებინა. ყველა პროცედურას თავისი ფორმა აქვს. სხდომების დროს როცა გვაქვს კენჭისყრები, როგორც წესი, 70-80 საკითხი არის ხოლმე კენჭის საყრელი. ყოველ ასეთ კენჭისყრაზე ვიღაცამ რომ წამოიძახოს, გადათვალეთო, რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. თავისთავად, დარბაზში საკმარისი რაოდენობა იყო, რომ იქ ეჭვის შეტანა არ მომხდარიყო. ამიტომაც ვინაიდან არ იყო დაყენებული არც ფრაქციის მხრიდან, არც მოტივაცია-არგუმენტაცია იყო წამოყენებული, რეაგირება არ ყოფილა. სხვათა შორის, ეს არც გაუპროტესტებია სანდრო რაქვიაშვილს თავად ამ სხდომის დროს და ჩვეულებრივად გაგრძელდა პროცესი, იქაც ჩანდა, რომ რაიმე სერიოზული პრეტენზია მას არ ჰქონია. ეს პროცედურა დასრულებილია. იმ მომენტში უნდა მომხდარიყო დაფიქსირება, სხვას ჩვენი რეგლამენტი არ ითვალისწინებს. ასე რომ იყოს, წარმოიდგინეთ, ნებისმიერი კენჭისყრა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო და ყველაფერი ანალიზის და გამოკითხვის საფუძველი გახდეს. მეორე საკითხიც არის ახლა, ამაშიც ცოტა არაკეთილსინდისიერები არიან თავად „გირჩის“ წარმომადგენლები. მესმის მათი ემოციური გაბრაზება თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ, ასე ვთქვათ, სკურპლუოზურად მივყვებით და განვიხილავთ ამ კოდექსს. მათ უნდათ, რამენაირად ჩაშალონ ეს განხილვები, მაგრამ, მეორე მხრივ, არ მგონია, ეჭვი ეპარებოდეთ, რომ ვეტოს დაძლევას ჰყავდა საკმარისი უმრავლესობა უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე, ერთი – პროცედურა არ იყო დაცული; მეორე – იქ იყო წარმოდგენილი ყველა. თუკი კითხვა არის, ვინ იმყოფებოდა დარბაზში, ამაზე მეტყველებს თავად კენჭისყრის შედეგები და ყველას შეუძლია, გაეცნოს, ვინ მისცა ხმა და ვინ არ მისცა. ეს არის პროცედურული ნაწილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.