შალვა პაპუაშვილი - უმრავლესობა უარს ამბობს სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებაზე, ამის საპირისპიროდ, არ გვინდა, უმცირესობას მივცეთ შესაძლებლობა, უმრავლესობა მოაქციოს გვირაბში, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია
რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში, რომლიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია და თუ არ დაეთანხმება იმ ერთ კანდიდატს, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთი მხრივ, უმრავლესობა უარს ამბობს სახალხო დამცველის თავისი კანდიდატის დასახელებაზე, მეორე მხრივ კი, ოპოზიციას უზღუდავს შესაძლებლობას, აიძულოს უმრავლესობა, დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს ან წინადადებას.
„რატომ შვიდი – ეს საკითხი იყო. მგონი, ცხადია და აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. ბატონმა დავითმა თქვა, თქვენ ამით გვიზღუდავთო, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ ერთ კანდიდატზეო და შემდეგ იმას დავუჭიროთ მხარიო. დიახაც, ამას ვზღუდავთ. ისე არ უნდა იყოს, რომ უმრავლესობა თქვენ მოაქციოთ გვირაბში, რომლიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია და შემდეგ თუ არ დაეთანხმება იმ ერთ კანდიდატს, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. არაერთხელ მითქვამს ჩემი ნეგატიური პოზიცია კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რომ რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნას შერჩეული, არამედ პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოთ,დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს ან წინადადებას. რა თქმა უნდა, ამის პრევენცია არის.
ერთი მხრივ, უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე, ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, უმცირესობას მივცეთ შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია და მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. მრავალფეროვნება ხომ არის ღირებულება და როცა ოპოზიციის მიერ კანდიდატის შერჩევაზეა საუბარი, ეს აღარ არის ღირებულება? ამიტომაც, მინიმუმ შვიდი, რადგან დიახ, უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი, რომ საბოლოო ჯამში ეს იყოს თანაბრად მისაღები. არ უნდა იყოს ოპოზიციის, თუ უმცირესობის, თუ მისი ნაწილის მისაღები კანდიდატი, რომელზეც ის დაითანხმებს შემდეგ უმრავლესობას, ეს ზუსტადაც ანტიდემოკრატულია. გამოდის, რომ უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს უმრავლესობას და იცით, ამას რა ქვია სახელმწიფო მმართველობის თეორიაში. მრავალფეროვნება რომ კარგია, ვფიქრობ, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს, მგონი, ზეპირად ვთანხმდებოდით და არ მგონია, პრობლემა იყოს. ეს პრინციპი იწერებოდა ბრძანებაში, კიბატონო, ჩავწერთ რეგლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.