შალვა პაპუაშვილი - უკრაინის მიმართ სოლიდარობის ფონზე, მიუღებელია დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ, ომის დასრულების შემდეგ ყველაფერზე გვექნება საუბარი
ჩვენ, ყველა, სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ. ამ სოლიდარობის ფონზე, მიუღებელია დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ომი დასრულდება, შემდეგ ყველაფერზე ისაუბრებენ.
„ჩვენ ვიცით, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, ეს იცის ჩვენმა ხალხმა, რომელიც ამას უჭერს მხარს. ბოლო შუალედურ არჩევნებზე დადასტურდა, რომ ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას. უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის განცხადებას რაც შეეხება, ამაზე უფრო ცუდი, უხეში განცხადებებიც გვსმენია. პირადად მე ამაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ომი დასრულდება, ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე გვექნება საუბარი, რომ ამ დროს, ამ კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი რატომ ექცეოდა ასე ქართველ ხალხს. ბიძინა ივანიშვილიც არის ქართველი ხალხის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ, ყველა, ვართ სოლიდარული უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ და ამ სოლიდარობის ფონზე, მიუღებელია დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ. ეს ომი დასრულდება, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ ამის შემდეგ გვექნება საუბარი ამ პოლიტიკოსებთნ, რატომ იყვნენ დაკავებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.