უკრაინას აქვს იმის მორალური უპირატესობა, რომ მორალური პიედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირისა თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პიედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად სამი ომი გამოიარა რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა, ეს არ არის ახალი.
„ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო, ანგარიშს ვუწევთ უკრაინის ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ანგარიშს ვუწევთ ამ გარემოებას და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია, მიდის. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს, ფაქტობრივად, უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პირია. ეს თავდასხმა გამოიხატება იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ, დაზვერვის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ორგანიზება გაუწიეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას საქართველოში. დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით, ვინც არიან – გია ლორთქიფანიძე არის ერთ-ერთი მთავარი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს გავლენას არ ახდენს საქართველოს დამოკიდებულებაზე უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ.
„ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილი არის საკუთარი ხალხის ინტერესებს, რადგან ის თავს ესხმის ქართველ ხალხს. დრო გავა, ეს ომი დასრულდება და უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ ამას შეაფასებს და იტყვის, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო და ქართველი ხალხი იყო, ვინც ამ ომში ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერი იყო უკრაინელი ხალხისა. უკრაინის ხელისუფლების ამ ნაწილს, სამწუხაროდ, არჩეული აქვს საქართველოსა და ქართველ ხალხზე თავდასხმა.
იცით, რა არის არამეგობრული? თქვენს ქვეყანაში ადამიანების წამების სისტემა რომ შექმნა, ზურაბ ადეიშვილმა, ის რომ არის უკრაინის პროკურატურაში წამყვან თანამდებობაზე. იცით, რა არის არამეგობრული? თქვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე რომ შემოგიპარეს მიხეილ სააკაშვილი, ამის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე დღეს რომ არის უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოადგილე – ეს არის თქვენზე თავდასხმა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. უკრაინის ხელისუფლება ესხმის თავს საქართველოს მოქალაქეს, რადგან ასეთი კრიმინალები ჰყავთ თავად შეფარებული. გამოიძიოს, როგორ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი A წერილიდან B წერტილში, ვინ იყო ამ ქვეყანაში ჩართული, დღემდე ამაზე არ არის გამოძიება დაწყებული. პასუხები გასაცემი ჩვენ კი არ გვაქვს, პასუხები გასაცემი აქვს უკრაინის ხელისუფლებას.
რაც შეეხება ომს, უკრაინას ბევრი ქვეყნის მიმართ შეიძლება, ჰქონდეს მორალური პიედესტალიდან საუბრის პრიორიტეტი ან უპირატესობა, მათ შორის ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მიმართ, რომლებმაც 2014 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, რუსეთთან დაიწყეს სტრატეგიული პროექტების განხორციელება, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს და ა.შ. ისევე, როგორც 2008 წლის შემდეგ გადატვირთვა მოაწყვეს რუსეთთან. ამიტომ უკრაინას აქვს იმის მორალური უპირატესობა, რომ მორალური პიედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირისა თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას. თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პიედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად სამი ომი გამოიარა რუსეთთან. ჩვენ როდესაც ამ ომში ვიყავით, არავისთვის არაფერი დაგვიყვედრებია, არაფერი მოგვითხოვია და არავისთვის ასეთი პიედესტალიდან არ გვიყურებია. რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, საქართველოსა და მის ხელისუფლებას რაიმე მორალური პიედესტალიდან ესაუბროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვიდრე იქნებოდა უკრაინა, იყო საქართველო, იყო ქართველების ბრძოლა და ომი, რომელშიც ახლა არის უკრაინა.
„რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობა ზუსტადაც რომ გასაჭირში შეიცნობა, ახლა ომი არის და ამ ომში უკრაინის ხელისუფლება თავს ესხმის ქართველ ხალხს, დეზინფორმაციის გავრცელებით სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, აქაც ხომ უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი იყო ჩართული, ეს იყო არამეგობრული ქცევა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინისთვის, რომელმაც ჩათვალა, რომ ქართველ ხალხთან მას არ სჭირდება, ჰყავდეს ელჩი, რომელმაც ჩათვალა, რომ ქართველი ხალხის ელჩი არ უნდა ჰყავდეს საკუთარ დედაქალაქში, რომელიც ტყვიების ზუზუნში იყო იქ. ყველა ელჩი – აშშ-ის, ევროკავშირის – გავიდა ქვეყნიდან, ერთადერთი დარჩა საქართველოს ელჩი და ქართული დროშა. ერთი მადლობაც არ უთქვამს ზელენსკის ამ ელჩისთვის. ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, გამოაძევა ქვეყნიდან, ამიტომ მორალური პიედესტალიდან საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლებას საუბრის უფლება არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.