შალვა პაპუაშვილი - უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალური იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ოცნებას“, არიან სააკაშვილის და არა - საქართველოს მეგობრები
შალვა პაპუაშვილი - უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალური იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ოცნებას“, არიან სააკაშვილის და არა - საქართველოს მეგობრები

გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალური იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, არიან არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მეგობრები.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით. დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან? მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა – საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. შალვა პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ქართველების გაოგნების კიდევ უფრო დიდი მიზეზია სააკაშვილის უცხოელი მეგობრებისა და მფარველების თვალთმაქცური საქციელი, როდესაც საქმე ეხება საქართველოში დემოკრატიას.

„2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, ეს უცხოელები სააკაშვილის ერთგულები დარჩნენ და პრაქტიკულად არასოდეს ამოუღიათ ხმა მისი დანაშაულების წინააღმდეგ. პირიქით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავი დემოკრატიული შედეგებისა 2012 წლიდან (რა თქმა უნდა, გამოხატული რეალური ფაქტებით, რიცხვებით, ციფრებით და არა საზღვარგარეთ დამახინჯებული, მიზანმიმართულად მოგონილი „აღქმებით“), იგივე უცხოელები საქართველოს მთავრობას, უკვე ათ წელზე მეტია, ლანძღავენ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა იცის, სად არის სიმართლე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამავდროულად, პაპუაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ახლა უკვე იბრძვის, რომ წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ეს კარგი მაჩვენებელია, რას ფიქრობს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადზე, თუმცა სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგული რჩებიან თავიანთივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან“.