შალვა პაპუაშვილი - თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მტრული განწყობის გამოწვევა იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ისაუბრა ცხრა ყალბი ნარატივიდან ერთ-ერთზე, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბ ციტატებზე, რომლებიც, მტრული განწყობის გამოწვევის მიზნით, სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად ვრცელდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ.
„განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო. აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები, იქნება ეს „ფაქტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება, მხოლოდ ამის შემდეგ მათ საკუთარ ვებგვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები. აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ „ენჯეოებმა“, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისი სრული მასშტაბით იხილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.