შალვა პაპუაშვილი - თბილისში მიმდინარე კონფერენციას არ ვესწრებით, რადგან ის იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევათ რადიკალურ ძალებს
დღევანდელ კონფერენციას არ ვესწრებით, შარშანაც არ დავესწარით, მიზეზი არის მარტივი, ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევათ რადიკალურ ძალებს. იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს, ისინი არა მხოლოდ სტუმრებად არიან იქ დაპატიჟებული, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კონფერენციის მონაწილეა ზოგიერთი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ.
„მათთვის ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ. ეს ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები. დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ და სწორედ აშშ-ის ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკკეინის ინსტიტუტი და ბუშის ინსტიტუტი, ქართულ ორგანიზაციასთან ერთად, არიან ორგანიზატორი კონფერენციის, სადაც გამომსვლელებში ჰყავთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც, ერთი მხრივ, საკუთარ ქვეყანაში, აშშ-ში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივაციით, რომ ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა, თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით, და მეორე მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფაქტი არის ორმაგი სტანდარტი დემოკრატიის მიმართ.
„ერთი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც, როგორც ჩანს, უნდა მოქმედებდეს აშშ-ში და მეორე დემოკრატიული სტანდარტი, რომელსაც ფიქრობენ ისინი, რომ უნდა მოქმედებდეს საქართველოში. ერთი მხრივ, თუ ჩათვლიან, რომ აშშ-ის არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულიც კი შეიძლება იყოს, ხოლო საქართველოში, ისინი ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ სისხლის სამართლის დევნის ქვეშ უნდა იყვნენ, არამედ მათ ტრიბუნას აძლევენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი კიდევ უფრო გაავრცელონ, ეს არის სამწუხარო და ეს გახლავთ სწორედ ფარისევლური მიდგომა დემოკრატიის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.