შალვა პაპუაშვილი - თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ ერთმანეთისგან შორს არ დგას, მამუკა ხაზარაძე დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს, პოლიტიკაში იყოს
შალვა პაპუაშვილი - თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ ერთმანეთისგან შორს არ დგას, მამუკა ხაზარაძე დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს, პოლიტიკაში იყოს

მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს გვთხოვდა, ანაკლიის პორტი თუ არ მისცემდა მოგებას, ჩვენი ჯიბიდან ამოგვეღო ფული. დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს, პოლიტიკაში იყოს და მოქალაქეების ხმები მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა  ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ხაზარაძე ამბობს: „რუსული მთავრობის გეგმები პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია, არ გაუვათ, რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ“.

„ოპოზიციას არ აქვს საკუთარი ნება, მოქმედებს უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგით და თავს მოხვეული ნებით. რასაც მიიღებენ, რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან, ზუსტად იმ განწყობაზე არიან. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა არ არის კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფომ არაფერი არ დაიშურა, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, ჩაედოთ ფული პროექტში. მათ შორის, აშშ-თანაც ინტენსიურად იყო საუბარი, რომ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციის მონაწილეობა წაეხალისებინათ. შედეგი სახეზე არის. იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, საერთაშორისო ტენდერი, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და, საბოლოო ჯამში, ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც საბოლოო განაცხადი შემოიტანა. ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ – ეს ადამიანები არიან ნასამრთლევი თაღლითობაზე, ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს. ოფიციალურად გასამართლებული არიან თაღლითობაზე. თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ ერთმანეთისგან შორს არ დგას. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ნასამართლევი არიან თაღლითობაზე; მეორეც – არ ვიცი, თაღლითობა იყო თუ რა, მაგრამ თავის დროზე ანაკლიის საკითხი ყველას გვახსოვს, ყველა ხომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და  პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რა ხდებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი ჩააბარეს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოიყვანდა სხვადასხვა ინვესტორს და ფულს. ვერავინ ნახა, ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ჰქონოდათ უშრომელი ფული.

ეს იყო, რაც ვნახეთ. სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაუვადა ვალდებულებების შესრულების ვადები და ბოლოს გვსაყვედურობდნენ, მოქალაქეებს საყვედურობდნენ, როგორ არ დავთანხმდით, რომ მამუკა ხაზარაძისთვის მიგვეცა გარანტია, მიუხედავად იმისა, მოგებას მოიტანდა თუ არა მისი ბიზნესი ანაკლიაში, მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან დავუფინანსებდით მოგებას.

მოქალაქეებს გვთხოვდა, ანაკლიის პორტი თუ არ მისცემდა იმ მოგებას, რომელიც მისთვის იყო სასურველი, მოქალაქეებს ჩვენი ჯიბიდან ამოგვეღო ფული და მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, რათა მას ჰქონოდა ბევრი მოგება. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც შემდეგ თაღლითობაზე იყო ნასამართლევი და დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს, პოლიტიკაში იყოს და მიიღოს მოქალაქეების ხმები. ამის პასუხი მან მიიღო მოქალაქეებისგან. სამ პროცენტამდე იყო მისი მხარდაჭერა არჩევნებში. ეს არის პასუხი იმაზე, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ უნდა ჰქონდეს უშრომელი ბიზნესი და წაგებულ ბიზნესში მოგება ნახოს მოქალაქეების ხარჯზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.