შალვა პაპუაშვილი - სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად რაც მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით
შალვა პაპუაშვილი - სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად რაც მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვნახეთ, რომ, რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ე.წ. კატარგეითის სკანდალის დროსაც ზუსტად იგივე მეთოდები იყო, იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცისთვის საზიანო.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ამერიკულ ფარა-ს კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოში აპირებდნენ, სიტყვა-სიტყვით იყო ნათარგმნი ამერიკული კანონიდან.

„კანონპროექტში ყველა სიტყვა ეწერა, რაც წერია ამერიკულ კანონში და არცერთი სიტყვა არ ეწერა შიგნით, რაც არ წერია ამერიკულ კანონში, სიტყვა-სიტყვით, ასლი იყო, ფოტოასლი იყო ფაქტობრივად, უბრალოდ, ლინგვისტურად ნათარგმნი ქართულად. ხომ ხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება, ევროპულიც და ამერიკულიც მოგებულია, როდესაც არსებობს გამჭვირვალობა. მაშინაც ამ მართულ კამპანიაში, როდესაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს რაღაც რუსული იდეები იყო ეს და ა.შ. ჩართული იყვნენ უცხოელი პოლიტიკოსები, ყოფილი თუ ა.შ. დიპლომატები, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები. მაშინ ქართულ საზოგადოებას ფაქტობრივად წაართვეს უფლება, სცოდნოდათ და ჰქონოდათ იმავე დონის ცოდნა, რაც აქვთ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ამერიკაში არსებობს ეს ე.წ. რუსული კანონი და ამერიკული რუსული კანონი ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას.

ჩვენ ასევე ვნახეთ ლობიზმის მთელი სიღრმე სადამდე არის, ვნახეთ, რომ პრეზიდენტთან უნდოდათ რატომღაც ამერიკის საელჩოს მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება მისი ნიუ იორკში ვიზიტის დროს. რა შუაშია ამერიკის საელჩო, როდესაც პრეზიდენტი არის ნიუ იორკში, საერთოდ რატომ ესაუბრება ამერიკის საელჩო ლობისტებს, რომლებიც, ვხედავთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული. ბევრ კითხვას გასცა პასუხი და აჩვენა კიდევ ერთხელ, თუ რა ზიანს აყენებს ასეთი კოორდინირებული კამპანია საქართველოს.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვნახეთ, რომ, რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები იყო, იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცისთვის იქნებოდა საზიანო და ა.შ. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაშიც, რაც ახლა გვაქვს, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.