შალვა პაპუაშვილი - სჯობს, „გირჩის“ წარმომადგენლები დერეფნების მაგივრად, კომიტეტებში იყვნენ, მათი სხდომათა დარბაზში შესვლა მათ ამომრჩეველს სჭირდება
„გირჩის” წარმომადგენლები ამ შენობაში შემოვლენ არა, როგორც მოქალაქეები, არამედ დეპუტატების საშვებით. ამიტომ იმის მცდელობა, რომ სიმბოლურად თავი დაიძვრინონ, თითქოს თან შემოსული არიან, თან – არა, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დერეფნების ნაცვლად, სჯობს, „გირჩის“ წევრები კომიტეტებში იყვნენ.
„კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ, არ არის პრობლემა, მაგრამ სჯობს, კომიტეტებში იყვნენ. ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. ჩვენ შეთანხმებისკენ მივდიოდით არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება მათ ამომრჩეველს, მათ შორის „გირჩის”. მათ სურთ, რომ მათი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში და იმ პროგრამაზე ისაუბროს, რაც პარტიამ შეიმუშავა. მათი შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ მათ ამომრჩეველს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„გირჩის“ წარმომადგენლები, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტში მივიდნენ.