შალვა პაპუაშვილი - შვიდი საათიდან ექვსი საათი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, როდესაც მედიატორს გაჰყავდა ოპოზიციის წარმომადგენლები და ცდილობდა, დოკუმენტზე ხელის მოწერაში დაერწმუნებინა
გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არანაირ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, არამედ საუბარი შეეხო იმას, რომ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები და შეუძლიათ, გამოიყენონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაზე ოპოზიციის მისამართით დაისვა კითხვა, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი აისახებოდა, მოაწერდნენ თუ არა ხელს.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, ყველამ განაცხადა, რომ დოკუმენტს არც ამ შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს.
„ისევე, როგორც ზოგადად, სხვა შემთხვევაში ხდება, მათ შორის ვადამდე პირობით გათავისუფლება და ასე შემდეგ. იცით, ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი მექანიზმია, რაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ უკვე ავტომატურად შეუძლიათ გამოიყენონ მსჯავრდებულებმა. ეს მექანიზმები ღიაა და შეიძლება იქნას გამოყენებული. ამიტომაც დოკუმენტში არ არის ეს ასახული. იქ არის ამნისტიაზე მითითება მხიოლოდ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. პირველად ვიყავი ასეთის სახის შეხვედრაზე და შვიდი საათიდან ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ხუთი წუთი გვქონდა შეხვედრა მედიატორთან, 50 წუთი იყო საერთო შეხვედრა, სულ ერთი საათი შედგა ჩვენი კონტაქტი, დანარჩენი ექვსი საათი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, როდესაც მედიატორს გაყავდა ოპოზიციის წარმომადგენლები და ცდილობდა, დაერწმუნებინა, რომ ხელი მოეწერათ. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ გარკვეული ნაწილისთვის არანაირი თანხმობა, ერთობა, სამშობლო, ქვეყანა – ასეთი მატერიები საერთოდ არ არსებობს. დაისვა კითხვა, აი, გიორგი რურუას საკითხიც რომ აისახოს ამ დოკუმენტში, ამ შემთხვევაში აწერთ თუ არა ხელს და ყველამ, „გირჩის“ და „მოქალაქეების“ გარდა, განაცხადეს, რომ არ მოაწერდნენ ხელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: „ეს გარკვეულწილად რიტორიკული შეკითხვა იყო თქვენი მხრიდან, თუ რეალურად მზად იყავით, წასულიყავით კომპრომისზე“, პაპუაშვილმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა, ეს იყო რიტორიკული შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება ჩანდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.