შალვა პაპუაშვილი - შარშან ვიხილეთ უსამართლო გადაწყვეტილება, როცა სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას, ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა
შალვა პაპუაშვილი - შარშან ვიხილეთ უსამართლო გადაწყვეტილება, როცა სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას, ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა

შარშან ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ, როცა კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას. ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანა იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის და ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

„ევროკავშირის გაფართოებას და გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, აქ არის ორი მხარე. ერთი მხარეა ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური განზომილება, ასევე პოლიტიკური. შარშან ქართულმა საზოგადოებამ ეს განზომილება ძალიან მწარედ იწვნია, როდესაც ევროკავშირის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ – კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას და ლიდერის უკან მყოფ ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ. ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა. გარდა ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემა სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე. ამის წინასწარ არც განჭვრეტა შეგვიძლია და, სამწუხაროდ, არც ზოგიერთ საკითხზე რაიმე ზემოქმედება.

მეორე მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ხალხის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის. აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და არის ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც კანდიდატი, მომავალში ევროკავშირის სავარაუდო წევრია. ჩვენ ვართ ლიდერი ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობა თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. მთავარია, პირნათელი ვიყოთ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყანა იყოს მზად. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ვხედავთ, რომ ამაზე გავლენა არ გვაქვს და ასევე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებიც ხდება ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.