შალვა პაპუაშვილი - სასამართლო რეფორმა დადებითად შეფასდა, სამოქმედო გეგმა შემუშავდება და სისტემური მიდგომით მივყვებით საკითხს
შალვა პაპუაშვილი - სასამართლო რეფორმა დადებითად შეფასდა, სამოქმედო გეგმა შემუშავდება და სისტემური მიდგომით მივყვებით საკითხს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დროს, რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, სასამართლო რეფორმა და პოლარიზაციის საკითხი განიხილეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

„ჩვენ ევროკომისიის შუალედური ანგარიში გვაქვს მოსმენილი, რომელშიც საუბარი იყო, რა რეკომენდაციებს უყურებენ ისინი, როგორც შესრულებულს, სად რა პროგრესია. მაშინდელ შუალედურ ანგარიშში რაღაც საკითხები, მათ შორის მართლმსაჯულების სასამართლო რეფორმა, ასევე მედიასთან დაკავშირებით აუდიო-ვიზუალური დირექტივა ჯერ კიდევ არ იყო ასახული, ამიტომ ესენიც აისახება. ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგალითისთვის, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე: კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პროექტი დაამტკიცა და უახლოეს მომავალში მოხდება ამ პროექტის, ამ სამოქმედო გეგმის მიღება. გვქონდა საუბარი, როგორი მოცულობითი იქნება ეს საკითხი.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ მხრივ დადებითი შეფასება იყო, რომ სამოქმედო გეგმა იქნა შემუშავებული და სისტემური მიდგომით მივყვებით ამ საკითხს. იცით, რომ, თავად ევროკომისიის რეკომენდაციითვე, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა იყოს. რაც შეეხება პოლარიზაციას, აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი. მთავარია, პოლარიზაცია, პოლიტიკური კონკურენციის ფორმა იყოს ცივილურ ჩარჩოებში, რაც ორ რამეს გულისხმობს. ერთი მხრივ, ხელისუფლება, ანუ უმრავლესობა არის ინკლუზიური და აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ პროცესში გადაწყვეტილების შემუშავებისას, და ოპოზიცია, რომელიც არის კონსტრუქციული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.