შალვა პაპუაშვილი - საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში პირველად დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც იყო აწყობილი პარტიების პროტესტი, იყო ტყუილი, ტყუილი და ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანი
პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლის იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსვლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა 2021 წელი ამ ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტისთვის რთული იყო.
„2020 წლის ივლისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება, ამის შედეგად პირველად პროპორციული წარმომადგენლობის ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და პლურალისტულ გარემოში და ამომრჩევლის ნება თავისუფლად იყო გამოხატული, თუმცა მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება, შესაბამისად შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა.
არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ისეთი არსებითი დარღვევისა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილებით, შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიები კომისია, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დოკუმენტურად დადასტურდა, რომ არჩევნების დღესვე წამოწყებული ბრალდება არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ იყო ტყუილი, რომ ბრალდება ჭარბი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო ტყუილი, რომ ბრალდება ბიულეტენების მეტობის თუ ნაკლებობის შესახებ იყო ტყუილი.
„ბოლოს პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი, იყო ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი. ხალხის მიერ მიცემული მანდატის, ნდობისა და იმედების ამდენად უპატივცემულოდ მოპყრობა სრულიად გაუმართლებელია. პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლის იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსვლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით. საერთო ჯამში ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა. ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ძალისხმევით პარლამენტი აგრძელებდა საქმიანობას და ზრუნავდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები.