შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ, მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით განწყობა პოზიტიურია, ვფიქრობ, ნიდერლანდების მხრიდან მხარდაჭერა გვექნება
ნიდერლანდები არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი ბერკეტები და გადამწყვეტი სიტყვა აქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ განწყობა პოზიტიურია. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს ნიდერლანდების მხარდაჭერა ექნება.
„განსაკუთრებით ინტენსიური ვიზიტი გვქონდა ნიდერლანდებში. ჩვენ შევხვდით როგორც ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს, ისე საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრებს. ასევე, შეხვედრა გვქონდა „ევროჯასტის“ პრეზიდენტთან, კლინგენდაილის ინსტიტუტში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მივიღეთ მონაწილეობა. ნიდერლანდები გახლავთ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი ბერკეტები და გადამწყვეტი სიტყვა აქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პარლამენტებს შორის მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია.
გარდა პოლიტიკური საპარლამენტო დიპლომატიისა, ნიდერლანდების პარლამენტთან გვაკავშირებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის „ტვინინგის“ პროექტს. ამ მხრივაც განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განწყობა არის პოზიტიური საქართველოს მიმართ, მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნიდერლანდების მხრიდან გვექნება მხარდაჭერა, როდესაც საკითხი დადგება კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ამ ვიზიტმაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაასრულა და ლუქსემბურგში გადაინაცვლებს.