შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება რომ ისეთივე წინდაუხედავი, არაპატრიოტული ყოფილიყო, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, გამორიცხული არაა, ქვეყანა ასევე დამდგარიყო ესკალაციის გზაზე
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება რომ ისეთივე წინდაუხედავი, არაპატრიოტული ყოფილიყო, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, გამორიცხული არაა, ქვეყანა ასევე დამდგარიყო ესკალაციის გზაზე

ბოლო წელიწად-ნახევრის ისტორიას თუ შევხედავთ, საქართველოს ხელისუფლება რომ ისეთივე წინდაუხედავი, ისეთივე იმპულსური და არაპატრიოტული ყოფილიყო, როგორიც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, გამორიცხული არ არის, საქართველო ასევე დამდგარიყო ესკალაციის გზაზე, ყოფილიყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში წარმოებული კამპანიები თავისი არსით გამიზნული იყო, რომ ქვეყანა წასულიყო ესკალაციის გზაზე.

„ყველა ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე, ხალხიც უპირველეს ყოვლისა, პასუხს სთხოვს თავის ხელისუფლებას. რთულია, განსაჯო ისტორია, რა შეიძლება მომხდარიყო, არ მომხდარიყო, მაგრამ უახლოესი წელიწად-ნახევარი გვაჩვენებს, როგორ შეძლო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ არ წასულიყო ესკალაციის გზაზე. ძალიან ადვილად შესაძლებელი იყო, რომ საქართველო გადავარდნილიყო ესკალაციის გზაზე, მათ შორის რუსეთთან ესკალაციის გზაზე. ამისკენ გვიბიძგებდა ოპოზიცია. თუ კი შევხედავთ ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევრის ისტორიას, რა გამოვიარეთ, საქართველოს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ისეთივე წინდაუხედავი, ისეთივე იმპულსური და არაპატრიოტული, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, გამორიცხული არ არის, რომ საქართველო ასევე გადავარდნილიყო, დამდგარიყო ესკალაციის გზაზე. გამორიცხული არ არის, რომ ყოფილიყო სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ამისკენ მოგვიწოდებდნენ. გაგახსენებთ, როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. იმ დღეს, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, აქციები ჩატარდა პარლამენტის წინ. გახსოვთ, რა მოთხოვნით? რომ მოხალისეები გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. ხელისუფლებას გაეგზავნა თვითმფრინავით მოხალისეები უკრაინაში საბრძოლველად. ამას მოგვიწოდებდა ქართული ოპოზიცია, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი, რომ საქართველოს ხელისუფლებას თვითმფრინავით გაეგზავნა მებრძოლები საბრძოლველად. ამ მოთხოვნას არ მიყვა საქართველოს ხელისუფლება, შედეგი რა იყო? ითქვა, რომ მათ შორის ამის გამო გაიწვია უკრაინამ თავისი ელჩი საქართველოდან და ასეთი იყო ბევრი გარემოება. სანქციების დაწესებაზე შეგახსენებთ, რამდენი ტალღა იყო, შეგახსენებთ ასევე ქსენოფობიურ კამპანიებს საქართველოში რუსი ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ. ყველა ეს კამპანია თავისი არსით გამიზნული იყო, რომ საქართველო წასულიყო ესკალაციის გზაზე და ესკალაციას უცებ რა აფეთქება შეიძლება მოჰვეს, ჩვენ ეს ვნახეთ და გვინახავს არერთხელ, მათ შორის ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება წელიწად-ნახევრის განმავლობაში აჩვენებს, რომ თავის დროზე საქართველოს ხელისუფლება უფრო წინდახედული რომ ყოფილიყო, შესაძლოა, თავიდან აეცილებინა კიდეც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რთულია, ისტორია განსაჯო ამ ფორმულებით, რა იქნებოდა რომ არა ის, რთულია,  რა თქმა უნდა. მომხდარი ამბავი არის მომხდარი, მაგრამ ამ წლიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ხომ ვაკვირდებოდით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებები? მოწოდება იყო, რომ გაგვეგზავნა მებრძოლები უკრაინაში, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, მოწოდებები იყო, რომ ფაქტობრივად, აქ ყოფილიყო რუსი ეროვნების ადამიანების დევნა. ყველა ამ მოწოდებას, რაც იყო ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება რომ აყოლოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გაიზრდებოდა რისკი იმისა, რომ შეიძლება, ყოფილიყო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.