შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
ჩვენ დღემდე განმარტებას ველოდებით ნიკა გვარამიას მოსამართლე ჩხიკვაძის თაობაზე ამერიკის საელჩოსგან. განმარტება უნდა იყოს, რასთან გვქონდა საქმე, რატომ იყო მოსამართლეზე ზეწოლა უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან და ეს წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის დარღვევას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. მილერის თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.
პაპუაშვილმა მილერის საპასუხოდ აღნიშნა, რომ, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის მიერ გაირკვა, რომ ეს ზეწოლა ეფუძნებოდა მცდარ არგუმენტებს თუ მოსაზრებებს.
„მცდარიც იყო და ამავე დროს იყო მიღმა პარტნიორული ურთიერთობებისა. ამ ზეწოლის შედეგად, რომელიც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მოახდინა მოსამართლეზე და რომელმაც სამიზნე გახადა მორალური ტერორის „ენჯეოებისა“ და ოპოზიციის მხრიდან, ამ მორალური ტერორის შედეგად ჯანმრთელობის ზიანი განიცადა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა. სანამ განმარტებას, წუხილს და ბოდიშს არ მოვისმენთ მოსამართლისა და მისი ოჯახის მიმართ, რომ ამერიკის საელჩოს ქმედებების გამო მორალური ტერორის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და მისი მოსამართლე, რა თქმა უნდა, ეს განმარტებები უნდა მოვისმინოთ. ფაქტია, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოსამართლესთან მივიდნენ და მას ანგარიში მოსთხოვეს. ამით ის ადამიანი და მისი ოჯახი მორალური ტერორის ობიექტი გახადეს. ამან ზიანი გამოიწვია მისი არასრულწლოვანი შვილის. არგუმენტებია მოცემული, რომ ამერიკის საელჩოს განმარტებებს დაველოდოთ. ჯერ განმარტებები უნდა მოვისმინოთ. რაც შეეხება სანქციებს, უკვე ამ საკითხზე მსჯელობა არასერიოზულია, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ ერთი ფაქტი მაინც მიგვაწოდონ, აქაც დოგმებია, დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყოს. სახელმწიფო ასე არ მუშაობა. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, რაიმე ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.