შალვა პაპუაშვილი - უკრაინის დაზვერვის მხრიდან კვლავ არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ, რაც ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას არ არგებს
სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ვხედავთ, რომ არანაირი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. აქაც ჩანს, რომ ეს არის უბრალოდ განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.
შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებენ.
„სამწუხაროდ, ეს არ არგებს იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არის. ამიტომ იმედი მაქვს, დამატებით განმარტებას გააკეთებენ, თუ არადა, დიდი ალბათობით, ეს განცხადება განცხადებად დარჩება. სამწუხაროა, რომ არ მოერიდნენ განცხადების გაკეთებას, მათ შორის ვნახეთ, რომ ამ შემთხვევაში, სომხეთი და აზერბაიჯანიც არის. ვერ გეტყვით, რა არის მიზანი, მაგრამ ფაქტია, ეს არ ადგება უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების ნდობას საქართველოში, რადგან ერთი ინფორმაცია აღმოჩნდა ტყუილი, ამ ინფორმაციასაც დამატებითი განმარტებები არ მოჰყვება. ეს აზიანებს უკრაინის სახელოსუფლებო ინსტიტუტების ნდობას საქართველოში და არა მხოლოდ საქართევლოში. ეს განცხადებები კეთდება საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად და შემდეგ, როდესაც ამის უკან არაფერი არ დგას, რა თქმა უნდა, ნდობას ამცირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც ეხებოდა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის ჩანაწერს და რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
„ჩანაწერის ავთენტურობა არავის დაუდასტურებია, მიუხედავად იმისა, იქ საუბარი იყო, ფიგურანტი იმყოფებოდა თუ არა საქართველოში. იყო ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციების დაკავშირების მცდელობა, რათა შეიქმნას ყალბი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო არის რაიმე გვერდით მოლაპარაკებაში ჩართული რუსეთთან. კამპანია გარკვეული ძალების მხრიდან მოდის. საზოგადოებაშიც უკვე გაცვითეს ეს თემა, რადგან საუბარია ცარიელი სიტყვების დონეზე. ასევე, ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.