შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს

სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის. ჩვენ მიმართ როცა არის მოლოდინი, რომ მათი თანაზიარი ვიქნებით, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მთავარი გამოწვევაა ოკუპაცია.

„უკვე მესამე საზღვაო ბაზაა, რომლის განხორციელებაც, როგორც ჩანს, იგეგმება. სწორედ ოკუპაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათი ბედი დაკავშირებული უნდა იყოს არა ოკუპანტთან, არამედ ქართულ სახელმწიფოსთან. ეს არის პოლიტიკა, რამაც საბოლოო გაერთიანებამდე უნდა მიგვიყვანოს, მათ შორის დიდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას მოიხსენიებს, როგორც მოწყვეტილ ტერიტორიებს, ოკუპაციის ხაზს – ადმინისტრაციულ საზღვრად. როცა ვხედავთ, რომ, საბედნიეროდ, უკრაინის საკითხზე ევროკავშირი იცვლის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, გვინდა, ასევე იყოს მკაფიო საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მიმართ როცა არის მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მათი თანაზიარი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ოკუპაცია“ არ არის. ტექტონიკურ ძვრებს ეძახიან იმ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. ამის მონაწილე რამდენიმეა და ძირითადია რუსეთი, რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის მეტი ყურადღება საქართველოზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.