შალვა პაპუაშვილი - „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ უთქვამს, რატომ მოხდა ფორმულის არევა, იყო შეცდომა თუ ვინმეს განზრახვა, იმედია, ამასაც დაადგენენ
„სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ უთქვამს, რატომ მოხდა ფორმულის არევა, იყო შეცდომა თუ ვინმეს განზრახვა, იმედია, ამასაც დაადგენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მომხდარმა ფაქტმა რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციებს, რომლებსაც სანდოობის თვალსაზრისით კარგი სახელი ჰქონდათ.
„ის ფაქტი, რაც მოხდა პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებასთან და ასევე მანიპულაციასთან, ამან გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიაყენა იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სანდოობის თვალსაზრისით კარგი სახელი ჰქონდათ. „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებდით, რომ ამაზე რეაგირება იმ კუთხით ჰქონოდათ, რომ პირველ ნაბიჯში დაადგინეს, რომ ხარვეზი იყო, ითქვა, ფორმულა აირია, თუმცა დღემდე მათ ჯერ არ უთქვამთ, რატომ მოხდა ეს ფორმულის არევა – იყო შეცდომა, თუ ვინმეს განზრახვა. იმედია, ამასაც დაადგენენ შიდა მოკვლევით. იქნებ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართონ, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.