შალვა პაპუაშვილი - სახლხო დამცველის კანდიდატზე ოპოზიციაში ბევრი ადამიანი მზად იყო კონსენსუსისთვის, თუმცა ვერ ასცდნენ ენჯეოების ულტიმატუმს, ეს არის სამწუხარო რეალობა
ოპოზიციაში ბევრი ადამიანი მზად იყო კონსენსუსისთვის, მაგრამ ვერ ასცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეობის მხრიდან იყო დაყენებული, ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავიდანვე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მათ უნდოდათ, „ქართული ოცნება“ მოქცეულიყო გარკვეულ გვირაბში, სადაც ბოლოში არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მათი კანდიდატი.
„ისინი არც გასაუბრებეში მონაწილეობდნენ აქტიურად, არც კი განუხილავთ, საერთო ჯამში, სხვა კანდიდატები, იმათ გარდა, რომლებიც დასახელებული იქნა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ენჯეოს მიერ. მაშინაც ვთქვით, სამწუხაროა, რომ ენჯეოებს ჰქონდათ ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში. დახურულ კარს მიღმა, კორპორატიულად მიღებული გადაწყვეტილებებით უნდათ, რომ თავს მოახვიონ პარლამენტს ეს კანდიდატები. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები, ოპოზიციის დიდი ნაწილს ვგულისხმობ, ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ აკისრებს მათი მანდატი, რომ გადაწყვეტილებებში უნდა იყვნენ თავისუფალი, ისინი არ უნდა აყვნენ მოწოდებებს, ვიღაცების მიერ წარმოდგენილ რაღაც ულტიმატუმებს. მათ აქვთ საკუთარი თავი მხრებზე და აქვთ მანდატი, რომელიც მისცეს ამომრჩევლებმა და ნაცვლად იმისა, რომ უსმინონ სხვებს, ისინი საკუთარი თავით უნდა ფიქრობდნენ.
ოპოზიციაში ბევრი ადამიანი, რომლებიც, დიახაც, მზად იყვნენ კონსენსუსისთვის, ვერ ასცდნენ იმ ულტიმატუმს, რომელიც ენჯეოების მხრიდან იყო დაყენებული, ან ეს კანდიდატები ან არავინ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ის აჩვენებს კრიზისს, რომელიც ენჯეოსექტორშია. ადამიანები დახურულ კარს მიღმა კორპორატიულად იღებენ გადაწყვეტილებას, არ აქვთ არანაირი სახალხო მანდატი და უნდათ, საქართველოს პარლამენტს თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.